
მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6-ს წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება მეწარმე სუბიექტებს. ცვლილების თანახმად, მეწარმე სუბიექტის მხრიდან ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, სამართალდარღვევად ჩაითვლება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
“უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით. მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ზუსტად ამიტომაც, თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდ მეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.