თენგიზ შარმანაშვილი „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე: ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზედაც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე

„ვინაიდან მათ დააანონსეს, რომ უკანონოდ აპირებდნენ დაფინანსებას, ჩვენც რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილმა გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზედაც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე.

„ის ფილიალები საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ან ვინც თავი აარიდა საქართველოში ამ დეკლარაციების შევსებას და გადარეგისტრირდნენ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, ძირითადად ესტონეთში, თუ მათი ძირითადი საქმიანობა საქართველოს შეეხება და ისინი ოპერირებენ საქართველოში, რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ გრანტს, რომელიც უნდა დაიხარჯოს საქართველოში, ამაზე ნებართვა დასჭირდებათ. ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ. მათ არა თუ მოიფიქრეს, არამედ დააანონსეს და ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

Back to top button