ერგნეთში IPRM-ის რიგით 130-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 130-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების დასჯა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის გათავისუფლება მოითხოვეს.

ასევე, განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 31 მარტს ჩაინიშნა.

Back to top button