ნიკოლოზ სამხარაძე: რეგიონში ბიზნესგარემო უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა, ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლის შესრულება

„საქართველო–კორეის შეთანხმება და პრაგმატული დიპლომატია: ახალი შესაძლებლობები შეზღუდული ბაზრებისთვის“ – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი სამხრეთ კორეული გამოცემა, The Korea Herald, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან ინტერვიუს.

“რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კორეულ კომპანიებს რუსეთისა და უკრაინის ბაზრებთან პირდაპირი ურთიერთობის შეზღუდვები შეექმნათ, ხოლო მთელს რეგიონში ბიზნესგარემო სულ უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა.

ამ ფონზე, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული და სტაბილიზაციის როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.” – წერს გამოცემა.

The Korea Herald-თან ინტერვიუში სამხარაძემ განაცხადა, რომ კონფლიქტისგან საქართველოს შედარებითი იზოლაცია მას პრაქტიკულ პლატფორმად აქცევს განახლებული რეგიონული ჩართულობისთვის.

„ადრე თუ გვიან, ყველა ომი დასრულდება და ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე გვიან“, – განუცხადა მან The Korea Herald-ს. „როდესაც ეს მოხდება, შესაძლებლობები ხელახლა გაიხსნება“.

„საქართველო-კორეის პარტნიორობა დაეხმარება კორეულ კომპანიებს თანდათანობით დაიბრუნონ წვდომა ამ ბაზრებზე, საქართველო კი საწყის წერტილად იქცევა“, – დასძინა მან.

სამხარაძის თქმით, საქართველოში ადრეული პოზიციონირება, კორეულ კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს რეგიონული პირობების ნორმალიზების შემდეგ.

„თუ კორეულ კომპანიებს უკვე ექნებათ მყარი წარმომადგენლობა საქართველოში, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება უკრაინაში, რუსეთსა და მეზობელ ბაზრებზე ხელახლა შესვლა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა საქართველოს ძლიერ საინვესტიციო კლიმატს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და დაბალ საგადასახადო პირობებს.

ინტერვიუში ასევე საუბარია პრაგმატიზმის, როგორც დიპლომატიური საფუძვლის შესახებ.

კერძოდ, როგორც The Korea Herald-ი წერს, სამხარაძემ აღნიშნა სამხრეთ კორეის პრაგმატული დიპლომატიური მიდგომა მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე და საქართველოს აშკარა თანხვედრა ამ სტრატეგიასთან, რითაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საერთო ღირებულებებს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა მსგავსი აზროვნების ქვეყნები არიან, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართალს, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და პრაგმატულ დიპლომატიას“, – თქვა მან სამხრეთ კორეის ოფიციალური სახელწოდების გამოყენებით. „ეს საერთო ხედვა თანამშრომლობის მტკიცე საფუძველს ქმნის“.

მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ინსტიტუციური განვითარება, ორმხრივი ურთიერთობების მზარდ იმპულსს ასახავს.

„პრაგმატიზმი გვაერთიანებს, რაც მოგვიტანს უფრო აქტიურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ გზებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

„თბილისში, კორეის სრულფასოვანი საელჩოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს გახსნა, ადასტურებს კორეის დაინტერესებას. ჩვენ ასევე მივესალმებით KOICA-ს (კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) ოფისის გახსნას თბილისში.“ – აღნიშნა მან.

სამხარაძის თქმით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც პირდაპირი ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

„მოვლენების ამგვარი განვითარება, ქმნის მეტ შესაძლებლობას ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანებისთვის, რომ ისარგებლონ უფრო მჭიდრო ურთიერთობებით“, – თქვა მან.

სამხარაძემ განაცხადა, რომ წარსულში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მზარდი ურთიერთობები და საერთო ღირებულებები, საქართველო-კორეის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და აღნიშნა ურთიერთდახმარება უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

„საქართველომ მხარი დაუჭირა კორეის პოლიტიკას კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შესახებ და არაერთხელ დაუჭირა მხარი კორეას გაეროში“, – დასძინა მან.

გამოცემა წერს, რომ „სამხარაძემ ასევე გაავრცელა „კარგი ამბავი“ საქართველო-კორეის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ და განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული გუნდები, მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ.“

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია.

„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“.

“სამხარაძემ დასძინა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მას ინვესტიციების, წარმოებისა და რეგიონული ექსპორტის იდეალურ კარიბჭედ აქცევს.

ამასთან, სამხარაძემ განაცხადა, რომ კორეა საქართველოსთვის პრიორიტეტული პარტნიორია და საჭიროა უფრო ძლიერი ვაჭრობის, ახალგაზრდული გაცვლისა და განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. მან იმედი გამოთქვა, რომ მზარდი კორეული ტურიზმი – გასულ წელს 31 000-ზე მეტი ვიზიტორი – შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს პირდაპირი რეისებით და ისეთი სპეციალიზებული შეთავაზებებით, როგორიცაა გოლფის, კულტურული და ღვინის ტურიზმის კომბინაცია.” – წერს The Korea Herald-ი.

Back to top button