მაია ომიაძე: მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე

ITB CHINA 2026-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, შანხაის საერთაშორისო გამოფენაში განსაკურებული სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარობას და მოგზაურთა ნაკადების გაზრდას სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან.

ITB China-სთან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ITB China-ს ოფიციალური პირები, საელჩოებისა და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ITB China გამოფენასთან, რომლის საფუძველზეც წელს, საქართველო, შანხაიში, ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის გაზრდას უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებზე. როგორც იცით, ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, შარშანაც ვმონაწილეობდით ამ ღონისძიებაში და ძალიან წარმატებული იყო კერძო სექტორისთვის, ეს ყველაფერი დადებითად აისახა სტატისტიკაზე. ჩვენ წელს გვაქვს კამპანიები ჩინეთში, შარშანაც გავმართეთ და ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ. რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ვიყავით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა და ვიმედოვნებთ ITB China შანხაიშიც არანაკლებ წარმატებული იქნება ჩვენი მონაწილეობა“,-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ხელმოწერის ცერემონიას ITB China-სა და Messe Berlin-ის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს ეწვივნენ Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი და ITB China-ს დირექტორი ლიდია ლი.

“მოხარულები ვართ საქართველოში სტუმრობით. ITB China ჩინეთში ყველაზე დიდი B2B და ექსკლუზიური სავაჭრო გამოფენაა. ამიტომ ეს პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩინეთიდან საქართველოში უკვე ბევრი მოგზაურობს. მაგრამ გვჯერა, რომ ამ ნაკადის გაზრდის გაცილებით დიდი პოტენციალი არსებობს და სწორედ ეს პარტნიორობა დაეხმარება ამ პოტენციალის შემდგომ გამოვლენას და ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურთა რაოდენობის ზრდას“,-ამბობს Messe Berlin-ის დირექტორი დევიდ აქიოტისი.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფებით დავაცხადებთ,  საქართველო ITB China 2026-ის პარტნიორი ქვეყანაა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უფრო მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოვიყვანთ საქართველოში, კულტურული გამოცდილების მისაღებად და თქვენი ქვეყნის ლამაზი პეიზაჟების დასათვალიერებლად“,-განაცხადა ITB China-ს დირექტორმა ლიდია ლიმ.

გამოფენა ITB CHINA 2026 შანხაიში, 26-28 მაისს გაიმართება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საგამოფენო სივრცის ექსკლუზიური ბრენდინგის საშუალება ექნება, საიმიჯო ლოგო გამოფენის ოფიციალურ ვებ გვერდსა და ყველა ოფიციალურ ციფრულ და ბეჭდურ გამოცემაში განთავსდება. საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გასულ წელს, ITB CHINA 2025 გამოფენას ჯამში 21,000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი ბაიერი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიება 75,000-ზე მეტ ბიზნესთან და 1,400-ზე მეტ მედიის წარმომადგენელთან უზრუნველყოფდა წვდომას. წელს გამოფენის ორგანიზატორები მონაწილეთა გაზრდილ რაოდენობას ელიან.

Back to top button