ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა

მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.

„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button