საქართველოს კულინარიულ ტურისტულ პოტენციალს Madrid Fusión 2026-ზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში Madrid Fusión მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის დედაქალაქში კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ შეფ-მზარეულებთან დავით ნარიმანიშვილთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად წარდგა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მადრიდში ქართული რესტორანი „ნუნუკა“.

ქართველმა შეფ-მზარეულებმა საქართველოს სტენდზე და კონგრესის მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასები ჩაატარეს. გასტრო კონგრესის მონაწილეები, კულინარიის საერთაშორისო ექსპერტები ქართულ სამზარეულოსა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.

მადრიდის საერთაშორისო გასტრო კონგრესის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებმა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

კონგრესში მსოფლიოში ცნობილი  და გავლენიანი შეფმზარეულები შეიკრიბნენ ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

Madrid Fusión-ზე, საქართველოს კულინარიული სტენდი ესპანური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

გასტრო კონგრესი Madrid Fusión 24 წელია იმართება. კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 2000-მდე პროფესიონალი მონაწილეობდა.

Back to top button