ნობელის პრემიაზე ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარის გამო პოლონეთში აშშ-ის ელჩმა სეიმის სპიკერთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა - დონალდ ტუსკმა ელჩს პატივისცემისკენ მოუწოდა

პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა, პოლონეთის სეიმის სპიკერთან, ვლოძიმიეჟ ჩაჟასტისთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების მხარდაჭერაზე.

“დაუყოვნებლივ ძალაში შესული ინიციატივით, ჩვენ აღარ გვექნება შემდგომი ურთიერთობები, კონტაქტები ან კომუნიკაცია სეიმის მარშალთან, ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის, მიმართ, სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის”, – დაწერა ელჩმა როუზმა X-ზე.

აღნიშნულს გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკმა აშშ-ის ელჩს შეახსენა, რომ პარტნიორებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ლექციები არ უნდა წაუკითხონ.

“ელჩო როუზ, მოკავშირეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და არა ლექციები წაუკითხონ. ყოველ შემთხვევაში, ასე გვესმის ჩვენ პარტნიორობა პოლონეთში.” – დაწერა ტუსკმა X-ზე.

Back to top button