
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.
Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე“.
როგორც Independence Avenue Media იტყობინება, ტომი პიგოტიმ მათ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“.