
ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა”, რეალურად კი მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტა და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა, – აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქვეყნის პირველი პირებისთვის და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
“საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა, უკვე მიიღო. მაშინ, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიეცათ უფლება, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები ინდივიდუალურად დაეწესებინათ, რაც 13 სახელმწიფომ გააკეთა კიდეც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, შესაბამისად ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული.
ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლით ევროპაში გადაადგილებაც უვიზოდ შეუძლიათ,”- ვკითხულობთ ირაკლი კირცხალიას განცხადებაში.