ირაკლი კობახიძე ევროკომისიის კანონის უზენაესობის ინდექსზე: კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა, ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში

კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა, ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში – ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია.

„სადაც ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე, ლიდერის პოზიციები. აქაც გასაკვირი არ არის. კანონის უზენაესობა საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მეტად დაცული. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში.

ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ვხედავთ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button