
ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გასწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული თვეების განმავლობაში.
„შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და დღესაც 97 პირი იქნა დაკავებული სწორედ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. განსაკუთრებით ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი.