
დემოგრაფიული საკითხები არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუკი სადმე გვაქვს უარყოფითი ტენდენციები, ეს არის, სწორედ, დემოგრაფია, შობადობა, ქორწინება-განქორწინება და აქ, სამწუხაროდ, ნაკლებად ეფექტურია ეკონომიკური ზრდა და ფინანსური პრივილეგიები, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი ტენდენციების ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ვინაიდან, დემოგრაფიული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა.
„კანონმდებლობაში გატარდა ცვლილებები. გენდერული პოლიტიკა, აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უზენაესი ღირებულება. გენდერული პოლიტიკის, როგორც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის მთავარი მიზანი იყო სწორედ დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში უკვე შევიდა ცვლილებები და ჩვენ მოვახერხეთ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამ ასპექტისგან გათავისუფლება, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობის გათავისუფლება. ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობა, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას,”- აღნიშნა პრემიერმა.