
ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა.
„პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ, გამომდინარე იქიდან, რომ იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავგზავნით. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაც დაუშავდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი დაუშავდეს. 4 წელია, ომი დაიწყო. 4 წელია, სამარცხვინოდ სპეკულირებთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოში ირღვევა სასანქციო რეჟიმი.
ამდენი მისია ჩამოვიდა, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები – ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ არც ერთხელ არ დარღვეულა საქართველოში სასანქციო რეჟიმი. სამარცხვინოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აგრძელებთ სპეკულირებას.
ეს არის ტრაგიკული მოვლენა. 2012 წლამდე რასაც აკეთებდა თქვენი პარტია, ამ ქვეყანას ყოველდღიურად რომ აზიანებდა, იგივეს აკეთებთ თქვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში და მანამდეც იგივეს აკეთებდით. ეს არის სამარცხვინო. ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.