
მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.
გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 ათასზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა.
დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც. რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა 8 მილიარდი დოლარის (5.9 მილიარდი ფუნტის) ღირებულების 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International ავრცელებს.
მონაცემები ეყრდნობა წინა ანგარიშებს, რომელთა მიხედვითაც, 2024 წელს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა რუსეთში 134 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელეს. როგორც ჩანს, რუსული ბიზნესები ბრიტანეთის საზღვარგარეთ ტერიტორიებზე არსებულ 145 გაუმჭვირვალე ოფშორულ კომპანიას საკუთარი საქმიანობის დასამალად და სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდნენ.
რუსეთიდან განხორციელდა ათასობით ისეთი პროდუქტის ექსპორტი, რომლებიც ბრიტანული სანქციების სიაშია, მათ შორისაა: ქვანახშირი, ფოლადი, ტყვია, რკინა და თუთია. მონაცემები აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, საქონელი ოფშორული კომპანიების მეშვეობით იგზავნებოდა ისეთ დანიშნულების ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი, გერმანია, ეგვიპტე, ისრაელი და ერაყი. გამჭვირვალობის ნაკლებობა ართულებს იმის შეფასებას, იყო თუ არა ტრანზაქციები კანონიერი, თუ ისინი სანქციების დარღვევას წარმოადგენდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთის“ ბოლო შეფასებით, საზღვარგარეთის ტერიტორიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრების უმრავლესობა კვლავ არ იძლევა ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს რეალურად იქ რეგისტრირებულ კომპანიებს. ორგანიზაციის განცხადებით, სანქციების აღსრულება წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პასუხს რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიაზე. თუ გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ მის მიერ დაწესებულ სანქციებს რეალური ძალა ჰქონდეს, მან არ უნდა უგულებელყოს გამჭვირვალობის ხარვეზები. საჭიროა, რომ მან მოსთხოვოს საზღვარგარეთის ტერიტორიებს ბენეფიციარი მფლობელების მონაცემების გასაჯაროება; გააძლიეროს თანამშრომლობა სანქციების აღსრულების უწყებებს შორის – Office of Financial Sanctions Implementation (OFSI) და Office of Trade Sanctions Implementation (OTSI); გამოსცეს მკაფიო მითითებები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის იურისდიქციებთან ვაჭრობენ. ომიდან ოთხი წლის შემდეგ ნათელია, რომ ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიები საერთაშორისო სანქციების რეჟიმში კვლავ „სუსტ რგოლად“ რჩება. გამჭვირვალობისა და კანონმდებლობის მკაცრი აღსრულების გარეშე, დიდი ბრიტანეთი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ძირს უთხრის და უშვებს, რომ მისი ოფშორული იურისდიქციები გამოყენებულ იქნეს იმ ვაჭრობის არხებად, რომლის აღსაკვეთადაც ეს სანქციები იყო დაწესებული.