Ipsos-ის კვლევის თანახმად, უკრაინელების 37% აცხადებს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება, 29% მიიჩნევს, რომ „სწორი მიმართულებით“ მიდის – პესიმიზმი რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ კონცენტრირდება და ფართოდაა გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Ipsos-ის მიერ უკრაინაში თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, უფრო მეტი უკრაინელი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ვიდრე სწორი მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ ქვეყანა „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება, მაშინ, როცა 29% მიიჩნევს, რომ „სწორი მიმართულებით“ მიდის, შესაბამისად, პესიმიზმი ოპტიმიზმს ჭარბობს.

ყველაზე დიდი ჯგუფი (34%) პასუხში დარწმუნებული არ არის, რაც მოსაზრებების მნიშვნელოვანი, პოტენციურად მერყევი რესურსის არსებობაზე მიუთითებს. ხანდაზმულები ყველაზე ოპტიმისტურად არიან განწყობილი (52% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის), მაშინ, როცა ახალგაზრდები ძირითადად ან დისტანცირებულნი არიან, ან გაურკვეველ პოზიციაში (მხოლოდ 11% ფიქრობს, რომ მიმართულება სწორია). კაცები შესამჩნევად უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი (57%), ვიდრე ქალები (43%). რეგიონულ ჭრილში კი პესიმიზმი რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ კონცენტრირდება და ის ფართოდ არის გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ნდობის რეიტინგს, ვიტალი ზალუჟნი 63%-ით ლიდერობს – ის მეორე და მესამე ადგილზე მყოფ უსიკს (56%) და ბუდანოვს (55%) უსწრებს. ზელენსკის ნდობის 49%-იანი მაჩვენებელი აქვს, თუმცა, ოთხეულში ყველაზე მაღალი უნდობლობა აქვს (38%). ყველაზე დაბალ პოზიციაზე ტიმოშენკო (14% ნდობა, 70% უნდობლობა) და ბოიკო (8% ნდობა, 62% უნდობლობა) არიან და თითქმის შეუქცევად ნეგატიურ განწყობას აწყდებიან. Ipsos ხაზს უსვამს, რომ უკრაინელებისთვის სამი ყველაზე სანდო ფიგურა ომის დროინდელი ლიდერები ან ეროვნული სიმბოლოები არიან და არა კარიერისტული პოლიტიკოსები.

Back to top button