
“ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახებოდეს მისი და არა უცხო ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ეს არის ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” გამართულ დებატებში.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე – სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
“უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და ის საშუალოდ მშპ-ს 1 პროცენტია. ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 300 მლნ ლარის შემოსავალს იღებს. 1 უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15,500 ლარს იხდის, ასევე სხვა დამატებით სექტორებში 16,300 ლარს ხარჯავს,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოელების სხვა სეგმენტზეც, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტებად და შემდეგ, დარჩნენ საქართველოში და დასაქმდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა ძალიან გახშირდა, შედეგად, მთავრობამ შემოიღო საქართველოში უცხოელთა დასაქმების რეგულირება, რომლის თანახმადაც ინვესტორს, ქართველი იქნება ის, თუ უცხოელი, მოუწევს შესაბამისი სამთავრობო უწყებისთვის იმის დამტკიცება, რატომ აჰყავს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქე და არა ადგილობრივი პერსონალი. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობის ეს წესი ემსახურება იმას, რომ დასაქმებისას საქართველოში, პირველ რიგში, ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.