
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში უსწრებს როგორც ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, ისე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია შეაფასა, სადაც ქვეყანა 184 სახელმწიფოს შორის 35-ე ადგილს იკავებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს პროგრესი პირდაპირ კავშირშია გატარებულ რეფორმებთან, რომლებიც მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის ზრდასა და დაბალი საგადასახადო განაკვეთების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.
„Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა გაიზარდა და 184 ქვეყანას შორის 35-ე პოზიცია დაიკავა.
საქართველო „ზომიერად თავისუფალი” სტატუსით ევროპის რეგიონში 44 ქვეყანას შორის მე-20 პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო ევროპის რეგიონში უსწრებს ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს, მათ შორის ბელგიას, საფრანგეთს, პოლონეთს, იტალიას, ესპანეთს, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს ღია, კონკურენტულ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს. Heritage Foundation-ის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის და შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად”, – განმარტავს თამარ იოსელიანი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდასთან.
„ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.
საქართველოსთვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნისთვის, ასეთი შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზრდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების ნდობას”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.