შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე”: ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო – ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს

რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.

მისი განცხადებით, აქაური რადიკალები მოსკოვის მექანიზმის დასკვნას დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა, ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევების და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც „მოსკოვის მექანიზმით“ არის მოთხოვნილი.

„ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო. ჩვენ ვასაბუთებთ, ეს კანონმდებლობა რატომ მივიღეთ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს.

აქაური რადიკალები ამ დასკვნას დიდი სიხარულით რომ შეხვდნენ, რა გავაუქმოთ? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ? ჩვენებმა ხმამაღლა თქვან, რომ ამას ითხოვენ, თავის აზრებს რომ მალავენ. კანონმდებლობით, სქესის გადაკეთების ოპერაციები და პროპაგანდა რომ იკრძალება, ეს გავაუქმოთ? თქვან, რომ საქართველოში სქესის გადაკეთებაც უნდა იყოს და არასრულწლოვანებთან ღია პროპაგანდა უნდა შეიძლებოდეს.

შემდეგ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ. ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, მათი მიმთითებლები კი, უცხოელი პატრონები არიან. მათ იმათ დაუჯერონ, ჩვენ ჩვენს ხალხს დავუჯერებთ და საბოლოო შედეგიც ნახონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

Back to top button