გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას თუ მისი იდეის გამზიარებელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს

სამწუხაროა, როცა ოთხი შვილის დედა ჩართულია რევოლუციურ პროცესებში და თავის დანაშაულს არათუ უარყოფს, პირიქით, ამბობს, რომ სწორად მოიქცა და თუ ექნება საშუალება, კიდევ უარესს გააკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ პიროტექნიკა მისი იარაღია და ამ იარაღით კვლავ დაუპირისპირდება სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას ამ ურთულეს პერიოდში აქვს.

„მისმა მხარდამჭერებმა არ დააყოვნეს და როგორც სააკაშვილის დანაშაულებს დაარქვეს „პიჯაკების საქმე“, ასე დაარქვეს „ფლომასტერის საქმე“ ელენე ხოშტარიას მიერ ჩადენილ დანაშაულს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას, მათ შორის, ისეთი ვითარების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ქვეყანამ იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო კანონები უნდა მიიღოს, რომელიც საქართველოს უპირისპირდება და უნდა, რომ ქვეყანა ჩართოს დიდ ცეცხლოვან დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მსოფლიოშია. ელენე ხოშტარიას თუ სხვა მისი იდეის გამზიარებელ პოლიტიკურ ფიგურებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – როგორმე, რევოლუციის გზით, საქართველოში ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მარიონეტული და დამოკიდებული იქნება საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და რომელსაც მხარს კონკრეტული ქვეყნების ჯგუფი უჭერს.

რუსული აგრესია საქართველოსკენ უნდა იყოს მიმართული იმისთვის, რათა ევროპა გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რასაც, მათი აზრით, რუსეთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში უქადნის. სწორედ ამ ფორმულის გამოყენებით ფიქრობენ, რომ რევოლუციური გზა სწორია და რევოლუციური გზის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის, ფიზიკური ძალის ორგანიზებითაც. ის ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებდა.

ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისთვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქია იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა. სამწუხაროა, რომ იგი განსასჯელთა სკამზე მოხვდა. სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ მან ხელისუფლების მიერ დაწესებულ კანონებთან დაპირისპირებაში გამოიჩინა თავი და თანაც კონკრეტული განცხადებებით კი არა, რომლებიც მას ახასიათებდა, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებსაც შეიძლება ექსტრემიზმი დავარქვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Back to top button