მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.

„მრავალი მიმართულება არის, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის საინტერესოა. ჩვენ ზუსტად ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულება მოვიცვათ და გავაჩინოთ მათთვის საინტერესო პროექტები, სხვადასხვა ტრენინგები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ. ახალგაზრდისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ რომელიმე სფეროში საკუთარი თავი იპოვოს და ამ გზაზე ვთვლი, ჩვენ ვეხმარებით იმით, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ტრენინგები, პროექტები, რათა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ მათი მთავარი და ძირითადი მიმართულება“, – აღნიშნა გრიგოლიშვილმა.

მან ასევე, სხვა ქვეყნის მმართველი პარტიების გამოცდილებაზეც ისაუბრა, თუ როგორ მუშაობენ ისინი ახალგაზრდულ ფრთასთან.

„ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს და მუშაობს, რომ გავიჭრათ ღირსეულად საერთაშორისო ასპარეზზე და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, თავისთავად ჩვენი ახალგაზრდობა. მათ შორის, გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებთან. მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანისა და უნგრეთის მმართველი პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც არაერთი და მრავალი საერთო პროექტი განხორციელდა. გარდა იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტებით მათთან ჩავდივართ და ისინიც გვსტუმრობენ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ახალგაზრდა მოიცვას ამ პროექტებმა და ორასზე მეტი ახალგაზრდით კომპლექტდება ხოლმე ის ბანაკები, რომლებიც ხან მათთან ტარდება, ხან ჩვენთან და სფეროს პროფესიონალებთან ერთად ხდება სხვადასხვა ტრენინგების ჩატარება, პროექტების თაობაზე ერთმანეთთან ვცვლით გამოცდილებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთში აქტიურად გვეპატიჟება ჩვენი მეგობარი მხარე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გვაქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს მოვუსმინოთ ადგილზე, მათ შევხვდეთ და სხვადასხვა ინიციატივები ერთმანეთში გავცვალოთ“, – განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

Back to top button