
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა, სწორედ პატრიარქის სურვილი იყო და მანვე შეაძლებინა ეს ყოველივე ჩვენს ერს.
„პატრიარქის ოცნება იყო ასე ერთ მუშტად შეკრული ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა. ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა – ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ქცევას, საყოველთაო ზრუნვას და მოწიწებას ერთმანეთის მიმართ.
„მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით, ჩვენს საერთო სევდას, ვისაც რით შეგვეძლო , ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა რომ არ გვეხერხებოდა წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი. ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.