აჩიკო ბერიძე: საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, საქართველო არის ღირებულება, ადგილი,სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ, ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებისას სხვადასხვა კონფესიების ადამიანების გულწრფელმა თანადგომამ და ერთიანობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სიყვარული ყოველთვის აერთიანებს, ხოლო ქართული საზოგადოების ძალა განსხვავებების პატივისცემაშია.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება. ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი – მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა – კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის.

საქართველო არის ღირებულება, საქართველო არის ადგილი,სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს. ჩვენი ძალა არა განსხვავებებში, არამედ სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემაშია.

ეს არის ის საქართველო, რომელსაც ჩვენი წინაპრები გვიტოვებდნენ – სადაც რწმენა არ ჰყოფს, არამედ აერთიანებს, სადაც ტკივილი საერთოა და თანადგომა – ბუნებრივი. დღეს ჩვენ გვმართებს ეს ერთობა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ განსაცდელის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რადგან ერი, რომელიც ერთმანეთის რწმენას სცემს პატივს, ის ერი ყოველთვის ძლიერია. და სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი სახელმწიფო,“ – განაცხადა ბერიძემ.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მშვიდობის შენარჩუნება იყო არა შემთხვევითი, არამედ, გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც გულისხმობს არა პროვოკაციებსა და ემოციებზე აყოლას, არამედ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე.

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ბრძანა უწმინდესმა! ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც.

ჩვენ დავიცავით სარწმუნოება და ეკლესია – მაშინ, როცა არაერთხელ სცადეს მისი შერყევა. და სწორედ მაშინ დავამტკიცეთ, რომ ეკლესიის დაცვა ჩვენთვის არჩევანი კი არა, ერის არსებობის აუცილებლობაა.

ჩვენ ვიცავთ სამშობლოს – ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი. და სწორედ ამ რეალობაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის, არ დაუშვა ახალი ტრაგედია.

ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ჩვენ ავარიდეთ ქვეყანა ომს და ეს არ ყოფილა შემთხვევითი.

ეს იყო გონივრული, გათვლაზე დაფუძნებული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი – პოლიტიკის, რომელიც არ აჰყვა ემოციებს, პროვოკაციებს და არ გასწირა საკუთარი ხალხი პოლიტიკური ქულებისთვის.

და ბოლოს – ადამიანი.

ჩვენი პოლიტიკის ცენტრში დგას ადამიანი – მისი ღირსება, მისი სიცოცხლე, მისი მომავალი. რადგან ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც ადამიანს არ იცავს – არ არის სახელმწიფოებრივი, არამედ, არის შეცდომა.

ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ჩვენს ტრადიციას – იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებითა და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც,“ – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

 

Back to top button