გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდარღვევა გამოავლინეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ამავე ტერიტორიაზე განთავსებული იყო  ფიჭვისა და „წითელი ნუსხით“ დაცული მუხის სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და მრგვლად დახერხილი ხე-მასალა.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ამასთანავე, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.

Back to top button