
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე.
„ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.
ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის “შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.