გორდულაძე: სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ სპეკულაციებს ეხმიანება, რომ თითქოს მისი სასამართლო პროცესი ღამის ოთხ საათზე ჩატარდა.

გორდულაძე სიცრუეს და მავნებლობას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ჟურნალისტი 10 საათზე დააკავეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა პროცესი ღამის ხუთ საათამდე სხვადასხვა მიზეზით გაწელეს.

„რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ აფგან სადიგოვის პროცესი ღამის სამ თუ ოთხ საათზე გაიმართა – დავინტერესდი და ყალბი კამპანიის ეს ნაწილიც მდარე „ფეიკი“ აღმოჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა ვამხილოთ!

რა მოხდა სინამდვილეში?

სადიგოვი დაახლოებით საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს (ხან გადადება მოითხოვეს, ხან მასალების გაცნობა და ა. შ.), ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო…

ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა!“- წერს გორდულაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button