
ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა – ბათუმი – ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა.
დღეისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, Scat Airlines-ი და FlyArystan-ი ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება.
ვენეცია – ქუთაისი – ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია – ქუთაისი – ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით – ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
ვენეცია – ქუთაისი – ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.