ირაკლი კობახიძე: გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე, დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად, ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა – ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.

„მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას.

ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა,”- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Back to top button