
„მინდა მივულოცო პეტერ მადიარს და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემს კოლეგებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში ასევე რეგიონებში, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში“, – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. იყო კონკურენტული პროცესი და უნგრეთს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ვისაც აქვს ამის ინტერესი შეგიძლიათ, ეუთო/ოდირის პირველად დასკვნასაც გაეცნოთ, სადაც ყველა დეტალია აღნიშნული, როგორც დადებთ, ასევე უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით. ყველამ მიიღო ამ არჩევნებში ეს შედეგი – გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც. ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მახაშვილი ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ვიქტორ ორბანის დამარცხებაში ეძებდა შვებას, თუმცა მომავალი პრემიერის განცხადებებმა მათ ცივი წყალი გადაასხა. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ უნგრეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება.
„ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი სად სად და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ შვებას. თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი აქ, თბილისში, მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობას სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა, თუმცა მომავალი პრემიერის პირველივე პრესკონფერენციაზე, ყველამ მოისმინეთ, ამ ადამიანმა ეს ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა, როდესაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას, მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა და რომ ის მზად არის თუნდაც თბილისში ვიზიტისთვის. უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ ჰოპლა დაიძახა და მერე გადახტა. უკვე მერამდენედ, ისეთი პოზიციები დაიკავეს, რომელიც სამწუხაროდ არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში. და უკვე მერამდენედ თავად გააბეს ქსელი და თავადვე გაიბლანდნენ ამ ქსელში. სანამ ჩვენი ოპონენტები სხვის არჩევნებზე ზეიმობენ, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. უნგრეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია, რომ ეს გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ყოველ შემთხვევაში ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პირველივე პრესკონფერენციაზე, ნამდვილად გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ, მიუხედავად იმისა, ხედავთ სოცმედიაშიც უკვე რა კამპანიაა აგორებული ამ ურთიერთობის დაზიანებისთვის, მაინც გვაქვს იმის იმედი, საერთო ინტერესების საფუძველზე ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების, ამ მეგობრობის იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც გვქონდა ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.