დავით სონღულაშვილი: საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონგრესს უმასპინძლოს

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ჯონ ბარკერს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.

მინისტრმა ქართული ღვინის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მზარდი დინამიკაა ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიმართულებით, რაც საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის, პოპულარიზაციის და მარკეტინგის კუთხით მიმდინარე კამპანიების შედეგია.

დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.  ღვინის ეროვნული დღე 2026 წლის 8 მაისს გაიმართება  და წარმოაჩენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000 წლიან ისტორიას და დღევანდელობას.  ღვინის ეროვნული დღე გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი მინისტრ დავით სონღულაშვილს. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, 2027 წელს უმასპინძლოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს. ვფიქრობ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესო და სასიხარულო იქნება. ასევე, მადლობელი ვარ საქართველოს მხრიდან OIV-ის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ღვინისა და ვაზის კულტურის გლობალური აღიარება. ეს ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველოდები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნად საქართველოში ვიზიტს“, – განაცხადა ჯონ ბარკერმა.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

Back to top button