მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ, ამასთანავე, ის გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვან და დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს მიენიჭა PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ PMI სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც იმას გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ამასთან, ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მიღება ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

Back to top button