
„თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. კერძოდ, საუბარია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, ცვლილებებით ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან მისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში.
„ორად გავყოფ თქვენს კითხვას. მეორე ნაწილით დავიწყებ – თუ რას ვფიქრობ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსმა პოლიტიკური ტრიბუნიდან, ამ შენობიდან სასამართლოს მიმართ რაიმე მოლოდინებზე ისაუბროს. არც ვიზამ ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შესაძლოა ძალიან მკაფიოდ ჩაითვალოს რაიმე კუთხით პოლიტიკურ მოწოდებად. არასწორად მიმაჩნია პროგნოზების გაკეთება. მათი კონსტიტუციური უფლებაა, შეიტანეს სარჩელი და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ზოგადად, რაც შეხება თემას, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც ეს კანონი ინიციირდებოდა, თუ რა განცხადებები მოჰყვა ამ ყველაფერს ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. კიდევ ერთხელ გავახსენებ ჩვენს საზოგადოებას, თუ რა საჭიროება იყო. თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს.
განსაკუთრებით ბოლო წლებში, ვაკვირდებით უპრეცედენტო ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებთან მიმართებით, კონკრეტულად ბრიუსელის ჩარევას, არაერთ შემთხვევაში ჩვენს თავზე გამოვცადეთ პირდაპირი თავდასხმები. დამერწმუნეთ, არ შენელებულა ეს თავდასხმები ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან და მათ მიერ ხელდასხმული აგენტურისგან, ზოგი პოლიტიკოსად წოდებული და ზოგი იმ არარჩეული ბიუროკრატის სახით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქ სადაც შესაძლოა იყოს ყველაზე მეტი ზეგავლენა, იქ, სადაც რეალურად არ არსებობს რეალობის აღქმა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ დავსვით საკითხი ძალიან მარტივად, ნებისმიერი პატრიოტი, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და მან თავისი ხმით წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, არჩევნებში, ასეთ საპასუხისმგებლო დღეს და ამ მოვლენაში მიიღოს მონაწილეობა, ის რამდენიმე დღით მაინც, ან ერთი კვირით უნდა იმყოფებოდეს აქ, თავის ქვეყანაში. რეალურად შეიტყოს, ნახოს რა ხდება, რა ვითარებაა თავის ქვეყანაში. არა რომელიმე ზეგავლენის ჯგუფების ქვეშ, ან არა რომელიმე სოციალური ქსელების, ბაბლების მეშვეობით. ასე, რომ ეს კანონი, კიდევ ერთხელ, შეგნებულად არ ვამბობ და არც დავასახელებ ქვეყნებს, სად შეიძლება იყოს. სადღაც აპრობირებულია, სადღაც არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ასე, რომ დაველოდოთ რა პასუხი ექნება სარჩელს“, – აღნიშნა მან.