
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა.
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აგროქიმიკატების რეალიზაცია მიმდინარეობდა სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის შეფუთვის მთლიანობის დარღვევით.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, სავალდებულო მოთხოვნების დაცვისა და პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.