
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს”, – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.
მისი განმარტებით, ამოქმედებული ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას ემსახურება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე. თამარ იოსელიანის თქმით, ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინაც მიმართა თხოვნით და დასაბუთებით, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებდა ასტროკლიმატზე და დაკვირვების ხარისხზე.
„შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი. საჰაერო სივრცის სწორედ ამგვარი შეზღუდვა ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიო პრაქტიკაშიც და ჩვენ რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ შემოგვიღია”, – განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები ფრენების ეფექტიანობასა და ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უსაფუძვლოა.
„არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ფრენების ეფექტიანობას და უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ცვლილებები დამუშავებულია საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურების და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან მის სრულ შესაბამისობას და გამტარუნარიანობის შენარჩუნებას”, – აღნიშნა იოსელიანმა.