„საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილე: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის, საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება სრულადაა დაცული

შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

„შესაბამისად, საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება სრულადაა დაცული. აღნიშნული შეზღუდვის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის. საჰაერო მარშრუტის შერჩევისას ავიაკომპანიები, მანძილის გარდა, ითვალისწინებენ სხვა მრავალ ფაქტორს, როგორიცაა მეტეოროლოგიური პირობები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია” – განაცხადა „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ამასთან, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას, სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, ის გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, მის გამტარუნარიანობაზე.

ზურაბ ავალიშვილი ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ყველა ტიპის ფრენაზე, შესაბამისად, რეგიონში ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) ფრენა დაშვებულია.

„შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება თავისუფალი მარშრუტის კონცეფციას და პრინციპებს. შეზღუდული არეები არ განიხილება თავისუფალი მარშრუტებისთვის გამოყენებულ არეებად, შესაბამისად, ავიაკომპანიები მას გვერდს აუვლიან დადგენილი პრაქტიკის თანახმად”, – განმარტავს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის მოადგილე.

Back to top button