
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს – მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ – სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის ” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.