მაია მელიქიძე: ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ ენერგეტიკის განვითარების ახალი სტრატეგიით ხუთი წლის განმავლობაში ქსელს 4000 მგვტ დადგმული სიმძლავრე დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, რომელიც დღეს ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიას ესწრებოდა.

ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. დისკუსიის თემა იყო – „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.

როგორც მელიქიძემ განმარტა, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, საიდანაც 1000 მგვტ იქნება ჰიდრო, ხოლო 1300 მგვტ და 1700 მგვტ უკვე განაწილდება მზეზე და ქარზე.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის დიალოგი გაძლიერდა. ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ხელშესახები შედეგი გვაქვს, ვინაიდან GREDA-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ჩამოყალიბებაც მოხდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, პარლამენტთან კომუნიკაციის საფუძველზე იქნება მიღებული. რაც ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე ინვესტორებს და ბუნებრივია, ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯარიმების ჩამოწერაზე და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პროექტებს უკვე აქვს განსაკუთრებული შედეგი სექტორზე.

„მილიარდი ლარის ჩამოწერა კერძო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგია, რაც როგორც მიმდინარე, ისე ძველ პროექტებს განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და ქვეყნის ქსელს დამატებით სიმძლავრეებს შესძენს. ამასთან, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც გასულ წელს ევროკომისიისგან, ბოლო დღეებში კი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსგან PMI სტატუსი (საერთო ინტერესის პროექტი) მიიღო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საშუალებას მოგვცემს, ევროპულ ბაზარზე განახლებადი ენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ. მაღალი საბაზრო ფასით მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და შუა დერეფანში მის სტრატეგიულ დატვირთვას კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკას შეეხებოდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

Back to top button