ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება

რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს. ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება,  – წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს,  შესაბამისად, ბუნებრივია, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მხარდამჭერებს ულოცავს პარტიის დაარსებიდან 14 წლის იუბილეს და აცხადებს, რომ წინ დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, რომელთა გამოყენებაც საქართველოს გააძლიერებს.

„უკვე არაერთხელ ვიხილეთ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობები, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პოლიტიკური გუნდის უნარი და გამბედაობა გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღოს და არ დაუშვას იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ვიწროპოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ყველაფერზე არიან წამსვლელი და რომელთა მმართველობაც წარსულის უმძიმეს გამოცდილებას უკავშირდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს.

სწორედ ქართველი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საფუძველი და განვითარების მკაფიო ხედვა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თითოეულ წევრს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან იუბილეს. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

Back to top button