ქართული ღვინის კულტურის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო პოპულარიზაციის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთის აგრარულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართა.

მევენახეობის კადასტრის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, პროფესორმა ირმა მდინარაძემ, პრეზენტაცია-ლექცია ვაზის ქართული ავტოქთონური ჯიშებისა და საქართველოს ველური ვაზის გენოფონდის დაცვისა და შესწავლის თანამედროვე მიდგომებზე, ასევე საქართველოს ვენახების კადასტრის პრაქტიკაზე წარადგინა.

„ვენახის კადასტრის სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის კონტროლსა და წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას. პროგრამამ უკვე დაიმსახურა მაღალი ინტერესი და შესაძლოა მნიშვნელოვანი მოდელი გახდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს როლს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში და ამ გამოცდილების საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების მნიშვნელობას”, – აღნიშნა ირმა მდინარაძემ.

ღონისძიებას ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის მიმართ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში აღწერილია 50 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი, რაც უზრუნველყოფს დარგის სტრატეგიულ მართვას.

Back to top button