რიმა ბერაძე: ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა – ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა

რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში, ისევ გააქტიურდა ევრობიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები მათი მხრიდან, რაც გამოწვეულია მათი სურვილით, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ, ჯერ კიდევ ძლიერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბერაძის თქმით, ე.წ. ოპოზიცია, გარე ძალების ერთგული რჩება და მონური მორჩილებით ასრულებს გარედან წამოსულ ყველა დავალებას, რისი ნათელი მათი ბოლოდროინდელი გაერთიანებაა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული რევოლუციის მცდელობები, ვინაიდან, საქართველო უკვე განვითარების სხვა ეტაპზეა და ქვეყანაში არავის აქვს შიში, რომ აგენტურული ძალები ოდესმე რამეს მიაღწევენ.

„ამის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს არჩეულ გზაზე სიარულს მტკიცედ და შეუპოვრად ვაგრძელებთ პრაგმატული, დაბალანსებული და მოქნილი პოლიტიკის გატარებას. სახეზე გვაქვს ნორმალიზებული ურთიერთობა აშშ-სთან, მჭიდრო პარტნიორობა ჩინეთთან, მეგობრული ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან.

ევრობიუროკრატიული იზოლაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს საკუთარი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე და აქტიურად იყენებს მას, ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განსავითარებლად.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამდენი რამ გამოიარა საქართველომ, მათი მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულებების გამო. სწორედ ეს უსამართლო დამოკიდებულებები გახდა გარდამტეხი ქართველი ხალხისთვის, სწორედ ამან დაარწმუნა ჩვენი ერი, რომ ქვეყნისთვის იმ რთულ წლებში, მხარი უნდა დაეჭირა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული და ქვეყნის გადასარჩენად იბრძოდა. ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლის, წნეხისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა.

ამის მიუხედავად, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ჩავარდნილი სცენარების და გარე ძალების ერთგული რჩება. მონური მორჩილებით ასრულებს გარედან წამოსულ ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ უსამშობლოებს და უღმერთოებს.

მათი ბოლოდროინდელი გაერთიანებაც ამის კარგი მაგალითია. ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი გაერთიანება გვინახავს, უშედეგო დასასრულით.

ერთმანეთის მოძულე და ფასადურად გაერთიანებული ოპოზიცია, 26 მაისს, დესტაბილიზაციის შემოტანის კიდევ ერთ მცდელობას გეგმავს. სცენარი კვლავ უცვლელია. ისევ უცხოეთიდან ჩამოსული რევოლუციონერების მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების გამოყენება.

მაგრამ ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ. ჩვენი სახელმწიფო ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზეა. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

ქვეყნის დაზიანების არც ერთი მცდელობა არ რჩება შეუმჩნეველი. ყველა ასეთი გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც მათ მიერ ორგანიზებული ხუთი რევოლუციის მცდელობა.

ქვეყანაში არავის აქვს იმის შიში, რომ აგენტურული ძალები საქართველოში ოდესმე რამეს მიაღწევენ.

მთელ ამ ისტორიაში ტრაგიკული მხოლოდ ისაა, რომ ამ ქვეყანაში კვლავ არსებობენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე მომუშავე, სიძულვილით სავსე ადამიანები. იშვიათად გვინახავს, ადამიანს ისე სძულდეს საკუთარი ქვეყანა და ხალხი, როგორც ამ ადამიანებს. მათ სძულთ ყველა ის ადამიანი, ვინ ამ ქვეყნისთვის რამეს აკეთებს. არაერთხელ გვინახავს, როგორ აკრიტიკებენ სპორცმენებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში მასშტაბით გააქვთ. მათთვის ყველა მტერია, ვინც მათი გავლენის ქვეშ არაა.

რა ხდება საქართველოში ამის პარალელურად?

ქართული ქარავანი გზას მიუყვება! წლიდან წლამდე უმჯობესდება ეკონომიკური მაჩვენებლები, ისახება ახალი პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებების განსავითარებლად, იქმნება ახალი სამოქმედო გეგმები და პროექტები.

ჩვენ მიერ შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა, იზიდავს ინვესტიციებს და ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გონივრულად იმართება საგარეო პოლიტიკური კურსი. ქვეყანას ესაუბრებიან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, და არა როგორც გავლენის ქვეშ მოქცეულ სახელმწიფოს.

კიდევ უფრო ძლიერდება ინსტიტუციები. მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის დანიშვნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვანი სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და უზრუნველყოფს მათ ეფექტიან მართვას.

ამდენად, იმის მიუხედავად რა ახალ მავნებლურ გეგმებს დასახავენ ოპოზიცია და მათი უცხოური პატრონები, ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში საფრთხე არ ემუქრება! ჩვენი ხელისუფლება არასოდეს უღალატებს არჩეულ გზას! ჩვენ ვივლით ქვეყნის დაცვისა და განვითარების გზაზე ბოლომდე, მტკიცედ და შეუპოვრად!

ოპოზიციას კი, გულწრფელად ვუსურვებდი, შეიყვარონ საკუთარი ქვეყანა და ხალხი. სულ რამდენიმე დღის წინ, ორმოცი დღე გავიდა პატრიარქის გარდაცვალებიდან. პატრიარქისა, რომელმაც ანდერძად ღმერთის, სამშობლოს და მოყვასის სიყვარული დაგვიტოვა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

Back to top button