
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გეკა გელაძის ნაყოფიერ საქმიანობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ფორმალიზებული სახით შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე სხვა პოზიციიდან ასრულებდა.
„ეს გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. მისი ლობირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა სამსახურის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ აისახება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. მინდა, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ბატონი გეკა გელაძე. მინდა, ხაზი გავუსვა უამრავ ცვლილებას, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და თქვენ იცით, რამდენად დიდი იყო ბატონი გეკას წარმატებები სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ რთულ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და ამის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მე მინდა, მას მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება. ის ახალი არ არის ამ სამსახურში, შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. ზოგადად, როდესაც საუბარია ჩვენს სახელისუფლებო გუნდზე, ორი კრიტერიუმია ჩვენთვის განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება. ამ შემთხვევაშიც, როდესაც მიიღებოდა საკადრო გადაწყვეტილებები, ეს ორი კრიტერიუმი იყო განსაკუთრებული ყურადღებით მხედველობაში მიღებული მთლიანად გუნდის მიერ. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მამუკა მდინარაძემ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს.
„ბატონო პრემიერო, მადლობა თქვენ, პირველ რიგში, ამ წარმატებისათვის, რასაც არა მამუკა მდინარაძემ, არამედ ამ გუნდმა მიაღწია და როგორი გვერდით დგომაც იყო თქვენი მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. აქ არის გუნდი, რომელთან ერთად დაუღალავმა შრომამ მოგვცა საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს არამხოლოდ უსაფრთხოებაში, არამედ ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში განსაკუთრებული როლი აქვს. მადლობა პერსონალურად თქვენ იმისათვის, რამხელა მხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ეს სამსახური გაძლიერებულიყო და დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს ამ სამსახურის სიძლიერეზე, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და გუნდის ერთობა, ოჯახურობის განცდა და პროფესიონალიზმი ამას უზრუნველყოფდა და ამისათვის თქვენ და თითოეულ თანამშრომელს მადლობა. გეკა გელაძე არის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აქედან გადავიდა. გადაჭარბების გარეშე, შთამბეჭდავი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი სამსახური. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად ნახა. მისი ხელმძღვანელობა, მისი სისტემური მენეჯმენტი დაეტყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს სამსახური მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებს მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო. დღეს ეს რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუციაა, ბევრად უფრო გაძლიერებული დამხვდა და მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს, თანამშრომლებს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომლებიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვიქნები და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ინსტიტუცია”, – აღნიშნა გეკა გელაძემ.