ირაკლი ხელაძე დანიაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე: დანია კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტებს ამ ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია დეკორაციადაა ქცეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

როგორც მან განაცხადა, დანიის ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.

“ბოლო პერიოდში, დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ, რომ ჭკუა დაგვარიგონ და მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. შესაბამისად, უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს, და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება,” – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, შედეგად, არაერთი აქტივისტი დაშავდა, 20-ზე მეტი კი დაკავებულია.

Back to top button