Internationale Politik: ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს

გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს ჟურნალი „Internationale Politik“ წერს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და რას ნიშნავს ეს პროცესი. ეს კი, ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს.

პირველი მნიშვნელოვანი მცდარი წარმოდგენა უკრაინის ევროკავშირში წევრობის მნიშვნელობას ეხება: კიევისთვის ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, ევროპელებისთვის კი – არა. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება იყო და რჩება გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებად. თუმცა, თავად პროცესი, უპირველეს ყოვლისა, რეფორმებს ეხება, რომლებიც ნებისმიერმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს, რათა წევრობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. გამოცემის ცნობით, თუ ევროკავშირში ინტეგრაციის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა, თავად პროცესი ადმინისტრაციულია და ევროკავშირის ბიუროკრატიის, კერძოდ, ევროპული კომისიის მიერ იმართება. კომისიის სამართლებრივი ხედვის მიხედვით კი მნიშვნელობა არ აქვს, რას „იმსახურებს“ უკრაინა; პროცესი მთლიანად ინსტიტუციურ რეფორმებსა და ნორმების შესრულებაზეა დაფუძნებული.

„აქედან გამომდინარეობს მეორე გამოწვევა: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანა ევროკავშირს 2027 წლის დასაწყისში, ან მაქსიმუმ იმავე წლის ბოლოს შეუერთდება. მას სჯერა, რომ ევროკავშირთან მკაცრი მოლაპარაკებებით, როგორც ეს ფინანსური მხარდაჭერისა და იარაღის მიწოდების შემთხვევაში გააკეთა, უკრაინა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.

თუმცა, ეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის არასწორი გაგებაა. საქმე არ ეხება მკაცრ ვაჭრობას ან მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენებას კარგი კომპრომისის მისაღწევად. ყველაფერი ეფუძნება მძიმე სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ეროვნული ბიუროკრატიის მიერ უნდა განხორციელდეს,” – აღნიშნულია Internationale Politik-ის სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, მაშინ, როცა ზელენსკი სწრაფ წევრობას ითხოვს და ინსტიტუტებს გვერდზე სწევს, ევროკავშირი უკრაინისგან ელოდება, რომ პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი კოორდინირებულად განახორციელებენ რეფორმებს.

„არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ გაუგებრობებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაუცხოება გამოიწვიოს. ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ორივე მხარემ უკეთ უნდა გაიგოს ერთმანეთის ხედვა და იმუშაოს ისეთ პროცესზე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის ევროკავშირში რეალისტურ გაწევრიანებას,” – ნათქვამია სტატიაში.

Back to top button