
იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს, ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა, ხელისუფლება სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დაუპირისპირდეს.
კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე პროცესის დახურვას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი.
„პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, სხდომის დახურვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან კონკრეტული საფუძველი, მგრძნობიარე საკითხია, საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება არსებობდეს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, მაქსიმალურად ჩავყვეთ ყველა საქმეს. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით. ნახეთ, რომ 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედა შსს-მ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხელისუფლების გადატრიალების ძალიან ღია და უხეში მცდელობა.
შსს-მ შეძლო, ყოველგვარი ექსცესების და ინციდენტების გარეშე დაპირისპირებოდა ხელისუფლების გადატრიალების ამ მცდელობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერას უნდა გავუფრთხილდეთ. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი და აქ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ასევე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხელწერა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ჩვენი სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.