
შოტლანდიის პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა „მწვანეთა“ პარტიიდან, ტრანსგენდერმა ქ მანივანანმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პალესტინელებისთვის რეპარაციების დაფინანსებას ითხოვს ტერიტორიის „ოკუპაციაში“ შოტლანდიის „თანამონაწილეობის“ გამო. ინფორმაციას The Telegraph -ი ავრცელებს.
მანივანანი, რომელიც საკუთარ თავს ქვიარ, ტამილური წარმოშობის ემიგრანტად მოიხსენიებს, ედინბურგის და ლოთიანსის აღმოსავლეთის ოლქიდან აირჩიეს. მისმა არჩევამ სკანდალი გამოიწვია მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი გაერთიანებულ სამეფოში სტუდენტური ვიზით იმყოფება და უცნობია, შეძლებს, თუ არა ქვეყანაში სრული საპარლამენტო ვადის განმავლობაში დარჩენას.
გამოცემის ცნობით, მანივანანმა და კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა, ახლად არჩეულმა პარლამენტის წევრმა, აირის დუანმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაცია Art Workers for Palestine Scotland-ის წინასაარჩევნო მანიფესტს. დოკუმენტი შოტლანდიის მომავალი მთავრობისგან მოითხოვს „რეპარაციული სამართლიანობის პროგრამის“ შექმნას პალესტინელი ხალხისთვის. მანიფესტი ასევე ითხოვს ანგარიშის მომზადებას პალესტინის „კოლონიზაციასა და ოკუპაციაში შოტლანდიის ისტორიული და თანამედროვე თანამონაწილეობის“ შესახებ. შოტლანდიის „მწვანეთა“ პარტიას აღნიშნული მოთხოვნისთვის ოფიციალურად მხარი არ დაუჭერია, თუმცა, პარტიის 2026 წლის პროგრამაში საუბარია კოლონიალიზმით დაზარალებული ქვეყნების მიმართ საერთაშორისო რეპარაციების მხარდაჭერაზე.
ინიციატივა გააკრიტიკეს შოტლანდიელმა კონსერვატორებმა. „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერის მოადგილემ, რეიჩელ ჰამილტონმა განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი შოტლანდიელები აღშფოთდებიან იმით, რომ გადასახადის გადამხდელებს მსგავსი პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსებას სთხოვენ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მანივანანს პარლამენტის წევრად მუშაობის უფლება საიმიგრაციო წესების სპეციფიკის გამო აქვს, რადგან დეცენტრალიზებულ საკანონმდებლო ორგანოში არჩევითი თანამდებობა ოფიციალურად დასაქმებად არ ითვლება. თუმცა, სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვამდე მას სხვა ტიპის ვიზის მიღება მოუწევს, რათა საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.