გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს სამ რეგიონში გამართავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

წლევანდელი ღონისძიებები ერთიან კონცეფციას ეფუძნება – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს, სამ რეგიონში, ქალაქებში ფოთი, რუსთავი და ამბროლაური, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებს წარმოადგენს.

„წელს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ღონისძიებები ერთიანდება ერთი კონცეფციის ქვეშ „რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“. მოგეხსენებათ, 1700 წელი გავიდა საქართველოს გაქრისტიანებიდან“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამეგრელოში, ქ. ფოთში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაგეგმილია გარემოსდაცვითი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში, სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მათი ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ, ასევე მათთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე.

ღონისძიებები გაიმართება რაჭაში, ქ. ამბროლაურში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოს დაეთმობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ რაჭისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო და კიდევ ერთხელ გაეცნონ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ლაშა დოლიძის განცხადებით, ქალაქ რუსთავში, სოფლის განვითარების სააგენტოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია. მოეწყობა ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი, სადაც დამთვალიერებლები ბუნებრივი ეკოსისტემის მნიშვნელობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი და შემეცნებითი აქტივობებია დაგეგმილი. მათ, სამივე ადგილას ზღაპრის გმირები დახვდებიან, გაიმართება კონცერტი ბავშვთა ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიებები დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. თბილისში – ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი, ხოლო რეგიონებში – ცენტრალურ მოედნები მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო აქტივობებს უმასპინძლებს.

წლევანდელი 26 მაისის ფარგლებში,  ყველაზე მასშტაბური სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ჩატარდება. პირველად, წვევამდელები ფიცს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში, ისტორიულ ეკლესია-მონასტრებთან დადებენ.

17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.

Back to top button