ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით

„26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წელს 26 მაისის დღესასწაული კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს, რადგან ქვეყანა ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს.

„ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის სწორედ ის საფუძველი, რასაც დაეფუძნა და რითიც ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში. შესაბამისად, ეს არის საამაყო თარიღი თითოეული ქართველისთვის, ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ოჯახთან ერთად გამოდიან და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ღონისძიებების კიდევ უფრო მრავალფეროვნად წარსადგენად”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო წელს წარმოდგენილი იქნება ქუთაისში, ფოთში, თელავსა და ამბროულაურში. კერძოდ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თემატური პავილიონებით დახვდებიან ვიზიტორებს ქალაქ ქუთაისში, იქ ასევე გაიმართება გასტრონომიული აქტივობები და კოსტიუმირებული მუსიკალური წარმოდგენები. თელავში ენერგეტიკული კომპანიები სტენდებს განათავსებენ, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნება, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. თელავში ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ შორის ქვეყნის ისტორიულ, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის მარკებით.

ამბროლაურში აეროპორტების გაერთიანება უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს ავიაციასთან დაკავშირებული თემატური სივრცით, ასევე იქნება წარმოდგენილი ფრენის სიმულატორი და სხვა გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია ქალაქ ფოთში მიიღებენ ღონისძიებებში მონაწილეობას – საზღვაო თემატიკით, მათ შორის სიმულატორებით.

ვახტანგ ცინცაძე ასევე აღნიშნავს, რომ საზეიმო ღონისძიებებში, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება საქართველოს რკინიგზაც, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებს, 17 საათსა და 10 წუთზე – საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერის დროს კი საქართველოს მასშტაბით რკინიგზის ყველა სადგურზე და ყველა სამგზავრო ვაგონში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

Back to top button