2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისისთვის არ დაემთხვიათ, მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ, რა ნამუსით გამოდიან და აქციას როგორ ატარებენ?!

„იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისს მაინც არ დაემთხვიათ ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ 2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა განაცხადა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.

პაატა ასათიანის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ოპოზიცია ეცდება 26 მაისის აქციაზე სხვადასხვა სახის პროვოკაციის მოწყობას, მისთვის წარმოუდგენელია, თუ რა ნამუსით აწყობენ აქციას 26 მაისს, როდესაც 15 წლის წინ ხალხი სასტიკად დაისაჯა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამის გამო.

„ესენი ვიცოდი მართლა რომ ნამუსგარეცხილები იყვნენ, თორემ ჩვენ რასაც გვიშლიდნენ – მშვიდობიან აქციას ვატარებდით, მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ და დღეს პროვოკაციებს აწყობენ, გამოვლენ და დარწმუნებული ვარ ეცდებიან 26 მაისს, რომ არიონ ყველაფერი. ამას ეცდებიან, მაგრამ რამდენად გამოუვათ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეცდებიან ამ ყველაფერს. სახე დაკარგული ჰქონდათ [ნაციონალურ მოძრაობას], მაგრამ ახლა სულ დაკარგეს, 26 მაისს რა ნამუსით გამოდიან ესენი და აქციას როგორ ატარებენ?! როცა მაშინ თუ კი არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დღეს როგორ? 15 წლის შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი?“, – განაცხადა პაატა ასათიანმა.

მოკლული მშვიდობიანი მომიტინგის, სულიკო ასათიანის შვილთან ერთად საუბარში, ასევე, ერთვებიან, სულიკოს მეუღლე და პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე, რომლებიც საუბრობენ მოტივზე, რომელიც დღევანდელობაში გააჩნია ქართულ ოპოზიციას.

„სხვაობა ისაა, რომ ჩვენ მაშინ სიმართლისთვის ვიბრძოდით და ესენი იმისთვის იბრძვიან, რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნდნენ, რომ იგივე გააგრძელონ“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სულიკო ასათიანის მეუღლის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება არ შეიძლება. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მაგათ გვერდში გავლა არ შეიძლება“, – განაცხადა შორენა ადეიშვილი-ასათიანმა.

დავით ლორთქიფანიძე დღევანდელ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს და აცხადებს, რომ მათ კვლავ აქვთ მზაობა გააგრძელონ ქვეყნის რყევა.

„ნაცების“ განაყოფ-გაუყოფლები, ანუ სად გაიყვნენ, როგორ გაიყვნენ, სულ ერთად იყვნენ და დღესაც ისევ ერთად არიან. ანუ მზაობა აქვთ იმისათვის, რომ ისევ გააგრძელონ ამ ქვეყნის რყევა და უბედურება დამართონ ამ ქვეყანას. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, გამორიცხულია ეგ ამბავი, მაგრამ მცდელობა, რომ აქვთ, ეგ არის გულსატკენი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

Back to top button