ირაკლი ჩიქოვანი: დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელი დღე საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც  ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და  სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.  ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის ეროვნული დღესასწაული ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო რეკრუტები, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეს ფიცი და  ქართულ ჯარს შეუერთდნენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, წელს თავდაცვის ძალები 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. „თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა“, – აღნიშნა მინისტრმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს – გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანებს და ქართული ჯარის მომავალ თაობას – იუნკრებსა და კადეტებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია და ქედი მოიხარა დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი – მერაბ კოსტავა გაიხსენა, რომლის დაბადების დღეც ეროვნულ დღესასწაულს ემთხვევა. „ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან და ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთნის,  მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ის ეკუთნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი, საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და სიტყვით მიმართვის ბოლოს აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე ეკუთვნის ყველა პროფესიის წარმომადგენელს, ღვაწლმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებსა და ემიგრანტებს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს.

Back to top button