
წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც არის მიმართული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს და ქართველ ხალხს, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას.
„როდესაც კონკრეტული ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი აკეთებს ასეთ განცხადებას, ამის აღქმაც კი რთულია, არათუ გამართლება და ამაზე სერიოზულად მსჯელობა. წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე. თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, რომლებიც სწორედ რომ მიმართულნი არიან ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვისკენ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩემთვის არის გაუგებარი ნებისმიერი ასეთი განცხადება. ჩვენ გვაქვს სრულიად საპირისპირო განცხადება, რომელიც არის მიმართული სწორედ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ კონკრეტული ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, აქებენ ხოლმე სისტემურად და სისტემატურად მოლდოვის ხელისუფლებას. ეს აბსოლუტურად ლოგიკური მგონია,”- აღნიშნა პრემიერმა.